×

13 ოქტომბერი, 2020

პარტია „ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს, თქვენს წინაშე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ჩვენი კულტურის გამორჩეულ ადგილას, ვარძიის უნიკალურ და ულამაზეს, ისტორიით სავსე კლდეში ნაკვეთ ქალაქთან ვიმყოფები.
ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ დღეს ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. ჩვენი პარტია და მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.
ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი მზრუნველ, ეფექტურ ხელისუფლებასა და მოძალადე, ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის; არჩევანი უნდა გააკეთოს ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას და მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სიკეთეებს შორის; არჩევანი უნდა გავაკეთოთ თავისუფალ მეწარმეობასა და დატერორებულ, დარეკეტებულ ბიზნესს შორის; არჩევანი უნდა გავაკეთოთ ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტსა და წამებას შორის, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალასა და ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ძალებს შორის.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, ძალა, რომლისთვისაც მთავარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული და ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს, რა იყო, რა მდგომარეობა იყო და სად ვართ დღეს. ასევე, ჩვენ ვსაუბრობთ თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, გამოწვევები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი არის შესაძლებელი.
ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური წინ გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია, იმისთვის რომ გავაძლიეროთ რაიონები, გავაძლიეროთ სოფლები, გავაძლიეროთ ქალაქები და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის!